გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დიდი ომი არ იქნება, მაგრამ ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა. ამის შესახებ გაერო-ს გენმდივანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„მე ამ დრომდე მიმაჩნია, რომ ეს ომი არ იქნება, მაგრამ რომ მომხდარიყო, ეს კატასტროფა იქნებოდა“, - აღნიშნა გუტერეშმა.
მისი თქმით, დიდი ხანია საჭიროა სერიოზული დეესკალაცია. მან ყველას მოუწოდა ამისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართონ.
მისი თქმით, გაეროს ქარტიაში, რომელიც მსოფლიო წესრიგის საფუძვლებს განსაზღვრავს, მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვიტოს იმგვარად, რომ ამან არ ავნოს მსოფლიო სამართალს და მშვიდობას. ყველა წევრმა თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან ან ძალისმიერი მეთოდისგან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
გუტერეშმა ყველას მოუწოდა, ასევე, მაქსიმალურად თავშეკავებულები იყვნენ რიტორიკაში და „ცეცხლზე ნავთი არ დაუმატონ“.