კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართა მეტი თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესახებ.
„ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კლიჩკომ და აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ს დახმარების მიუხედავად ახალი, თავდაცვითი იარაღი სჭირდებათ.
„ყველა აგრესორმა, რომელიც უკრაინაზე თავდასხმას ცდილობს, უნდა გაიგოს, მათ უნდა გადაიხადონ ფასი. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ“, - განაცხადა კლიჩკომ.
ამასთან, კლიჩკომ მადლობა გადაუხადა გერმანიას 5000 ჩაფხუტისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის.
„ჩვენ მხოლოდ ამით ვერ დავიცავთ ქვეყანას“, - თქვა კლიჩკომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ მხოლოდ გასულ წელს, აშშ-მა 650 მილიონი დოლარი გამოუყო უკრაინას თავდაცვითი ლეტალური დახმარებისთვის და ეს დახმარება გაგრძელდება. მისი თქმით, ქვეყნები არა მხოლოდ კოორდინაციას უწევენ ერთმანეთს, არამედ მოქმედებენ ისე, რომ ავსებენ ერთმანეთს.