ზოგადი რეკომენდაციაა, რომ შესაბამისი თანამდებობის პირი იყოს ხანგრძლივი ვადით, ხანგრძლივი ვადა არის უკეთესი, ამას გვეუბნება ჩვენ სამართლის პრინციპები, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის გაზრდა ინსტიტუციის განვითარებას და სტაბილურ მდგრადობას უზრუნველყოფს.
კობახიძის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების 6- თვიანი ვადა დამოუკიდებლობის ხარისხზე თეორიულად შეიძლება უარყოფითად აისახოს.
„რაც შეეხება ზოგადად მოკლე ვადას, რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადად პრობლემა. მიიჩნევა, რომ რაც უფრო ხანგრძლივია ასეთი ტიპის თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადა, მით უფრო მაღალია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. სწორედ ამის გამო შესაბამისი თანამდებობის პირები აირჩევიან ხოლმე კონსტიტუციის თანახმად 7, 5, 6 წლის ვადით. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ზოგადი რეკომენდაციაა, რომ შესაბამისი თანამდებობის პირი იყოს ხანგრძლივი ვადით. ამ შემთხვევაში გვაქვს 6-თვიანი ვადა, რაც დამოუკიდებლობის ხარისხზე თეორიულად შეიძლება უარყოფითად აისახოს. შეიძლება ითქვას, რომ უფრო ხანგრძლივი ვადა არის უკეთესი, ამას გვეუბნება ჩვენ სამართლის პრინციპები“, - განაცხადა კობახიძემ.
იგეგმება თუ არა, რომ დაიწყოს კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა, რათა ცესკო-ს თავმჯდომარე აირჩიონ უბრალო უმრავლესობით, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „ამ ეტაპზე ეს ინიციატივა არ განიხილება“.
ცნობისათვის, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, ცესკოს თავმჯდომარის ხანგრძლივი ვადით არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუციის განვითარებას, სტაბილურ მდგრადობას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ კონტექსტში მან გაიზიარა მმართველი გუნდის პოზიცია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს და ამოქმედდეს ნორმები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ცესკოს თავმჯდომარის 5 წლის ვადით არჩევას. კალანდარიშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემოღებული მექანიზმი, კერძოდ, თავმჯდომარის 6 თვით არჩევის კომპონენტი გარდამავალი პერიოდისთვის დროებითი ზომა იყო.