ნიშნის მოგების გარეშე, ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგას მოვუწოდებ - არ არის აუცილებელი, ყველა თემას დაუპირისპირდე, რასაც მუნიციპალიტეტი აკეთებს. მათაც მოუწევთ ადრე თუ გვიან რაღაც პასუხისმგებლობის აღება და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრი რევაზ სოხაძე ვარკეთილში გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ “ლელოს” წევრის, საბა ბუაძის მიერ გამართულ ბრიფინგს.
სოხაძის განცხადებით, გარემოვაჭრეებს ალტერნატივა შესთავაზეს და უმუშევრად არავინ რჩება.
“სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები ნებისმიერ თემას პოპულისტური მიზნებისთვის იყენებენ. ამ თვალსაზრისით არანაირი მოწოდება არ გვჭირდება იმიტომ, რომ მერმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა იგეგმება, შესაბამისად დაევალა მუნიციპალიტეტს, კომუნიკაცია ჰქონოდა ამ ხალხთან. რამდენიმე შეხვედრა იყო. ჩვენ მიერ გაკეთდა კონკრეტული შეთავაზება იქვე არსებულ ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებაზე. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანებს უსასყიდლოდ შეუძლიათ იქ საქმიანობის გაგრძელება და შემდეგაც შეღავათებით ისარგებლებენ. ეს არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული და დღეს აღსრულდა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი ემზადებოდა ამ ხალხთან ერთად და დღეს ჩატარდა ღონისძიება, რაზეც ყველამ იცოდა, რომ ჩატარდებოდა. თუ ჩვენი კოლეგები საუბრობენ ერთ ჯგუფზე, რომელიც იქ ვაჭრობდა, უამრავი ადამიანია, მათ შორის მათი ამომრჩეველიც, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს ამ ტერიტორიით და ვისთვისაც შეუძლებელი იყო ამ ტერიტორიაზე გადაადგილება ბავშვით, ბავშვის გარეშე თუ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანისთვის. არ იგულისხმება მხოლოდ გარემოვაჭრეების აკრძალვა. იქ არის ბევრი უკანონოდ განთავსებული ჯიხური, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება. ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ ამ ტერიტორიას და ეს იქნება ისეთი, როგორიც ქალაქს და ამ უბანს შეეფერება. ამ ადამიანებს აქვთ ალტერნატივა, გადაინაცვლონ ბაზრობის ტერიტორიაზე. ჩემთვის როგორც ცნობილია, ბაზრობის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება შედგა და ზოგი მოვაჭრე უკვე შევიდა, ვიღაცას შესაძლოა განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ერთ აზრზე ყოფნა არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ მუნიციპალიტეტს აქვს შეთავაზებული ალტერნატივა და უმუშევრად არავინ არ რჩება”,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის” საკრებულოში ფრაქციის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს იბარებს. საქმე ეხება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისთვის საქმიანობის აკრძალვას.
საკრებულოში “ლელოს” წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებზე, რაც გარევაჭრობასთან დაკავშირებით დაგროვდა. ამასთან, ბუაძე მერიას მიმართავს, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხზე მორატორიუმი გამოცხადდეს, სანამ პარლამენტი “ლელოს” მიერ ინიცირებულ შესაბამის კანონპროექტს არ განიხილავს.