მე სიმართლე გითხრათ მაინც და მაინც დიდად პერსპექტიულად არ ჩავთვლიდი ბადრი ჯაფარიძის შანსებს რუსთავში გამარჯვებასთან დაკავშირებით. ახლა მისთვის ერთგვარად ტოქსიკურიც არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაძმობილება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს შესაძლოა, გახარიას პარტიის ანალოგიური დაემართოს და როცა ამომრჩეველი მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტნიორობას დაინახავს, მხარდაჭერას წერტილი დაუსვას.
„ჯაფარიძის პოტენციურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ მაგალითად ახლა მისთვის ერთგვარად ტოქსიკურიც არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაძმობილება. ხშირ შემთხვევაში დაძმობილებები არასასურველ პოლიტიკურ გუნდებთან, როგორც წესი კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება ხოლმე. ეს არ არის მექანიკური გაერთიანება. როდესაც რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც თითქოს ერთმანეთთან არათავსებადია, ასეთ შემთხვევაში ელექტორატისთვის მექანიკურად მხარდამჭერთა რაოდენობის გაერთიანებას არასდროს არ ნიშნავს. როგორც აღმოჩნდა გახარიას პარტიის შემთხვევაში, ბევრმა მისმა მომხრემ როდესაც შენიშნეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები ყალიბდებოდა, იქვე ბევრმა წერტილი დაუსვა მხარდაჭერას. ანალოგიური შეიძლება მოხდეს ახლა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძე გადაცემაში ჩახსნილი სიების აღდგენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ შეცდომის „გასაპრავებლად", რომელიც ოპოზიციამ დაუშვა, მთელი კონსტიტუციური წესრიგის მოშლა პრინციპულად არასწორია.
„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ჩვენი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ მძიმე შეცდომა როცა დაუშვა ვიღაცამ, დიახ, ამაზე ისეთი უნდა იყოს პასუხისმგებლობა, რომელიც არის რელევანტური.
იმ შეცდომის „გასაპრავებლად", რომელიც ოპოზიციამ დაუშვა, მთელი კონსტიტუციური წესრიგის მოშლა, შეცვლა, გადასხვაფერება, რასაკვირველია, არ ვარგა, პრინციპულად არასწორია ასეთი მიდგომები. უნდა ითქვას, რომ ეს ნეგატიური ფაქტორი, რომელიც დაუდგათ, მათი შეცდომის რეზულტატია. ხელისუფლებას მუდმივად სთხოვდე, რომ კი, შეეშალა ოპოზიციას, მაგრამ მოდი, მუდმივად კოჭი გაუგორე, არ არის სწორი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.