დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის” საკრებულოში, ფრაქციის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს იბარებს.
საქმე ეხება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისთვის საქმიანობის აკრძალვას.
საკრებულოში “ლელოს” წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებზე, რაც გარევაჭრობასთან დაკავშირებით დაგროვდა. ამასთან, ბუაძე მერიას მიმართავს, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხზე მორატორიუმი გამოცხადდეს, სანამ პარლამენტი “ლელოს” მიერ ინიცირებულ შესაბამის კანონპროექტს არ განიხილავს.
“ბატონმა კალაძემ, ამ ქალაქის მარია ანტუანეტამ, მორიგი, ვერაგი და სამარცხვინო იერიში მიიტანა ჩვენი საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ნაწილზე - გარემოვაჭრეებზე. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გარევაჭრობით ადამიანები კარგი ცხოვრების გამო არ არიან დაკავებულები. ღამით ამ ადამიანებს გადაუყარეს საქონელი, აულაგეს დახლები ისე, რომ ეს ყველაფერი ძალიან ბუნდოვანი სამართლებრივი დასაბუთებით გაკეთდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დედაქალაქის ადმინისტრაცია გარემოვაჭრეებს თავს ესხმის. ეს სისტემურ სახეს ღებულობს. გვინდა მივმართოთ თბილისის მერიას და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, რომ მობრძანდეს საკრებულოში ჩვენი ფრაქციის სხდომაზე და პასუხები გასცეს კითხვებს, რაც დაგროვდა. აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ, რატომ ხდება ეს, როგორ უყურებს დედაქალაქის მერია გარევაჭრობის საკითხს და როგორ აპირებს, რომ მათთან ურთიერთობა გააგრძელოს.
ასევე გვინდა თბილისის მერიას მოვუწოდოთ, გამოაცხადოს მორატორიუმი გარევაჭრობის შეზღუდვაზე, ვიდრე პარლამენტში “ლელოს” მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც ასეთი ბუნდოვანი სამართლებრივი დასაბუთებით გარემოვაჭრეების უფლებების შეზღუდვა არ მოხდება. რაც დღეს ხდება ანტიკონსტიტუციურია. ამ ადამიანებს ართმევენ საქონელს, დევნიან ისე, რომ კანონში ბუნდოვანი ჩანაწერია. ამიტომაც შევთავაზეთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს დიალოგი იმის შესახებ, როგორ შეიძლება გავუუმჯობესოთ ამ ადამიანებს გარემო.
ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მერიას, გამოცხადდეს მორატორიუმი, შეწყდეს გარემოვაჭრეების დევნა და ასევე, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს მოვუწოდებთ, 10 მარტს, 12 საათზე მობრძანდეს საკრებულოში “ლელოს” ფრაქციის სხდომაზე და პასუხი გასცეს კითხვებს”,- განაცხადა საბა ბუაძემ.