ირაკლი კობახიძეს ცარიელ ნიადაგზე არაფერი აღმოუცენებია - მის მიერ გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ ფაქტებს ეხება, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე დასმულ კითხვას.
ვოლსკის თქმით, პანკისის ხეობაში საეჭვო გარემოებებით, არაპროფესიონალურად და პოლიციის იმიჯისათვის დამაზიანებლად ჩატარებული ოპერაცია არის ის, რაც ყველამ ტელევიზიით იხილა.
“თუ გიორგი გახარიას მიერ კოკაინის გამოყენებაზეა საუბარი, მე ეს ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ როცა ჩვენი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ასეთი ინფორმაცია არსებობს და ამას ისიც ემატება, რომ სადღაც ავსტრიაში საკმაოდ საეჭვო ანალიზი კეთდება, რაც რეალურად ანალიზი არ არის, რა თქმა უნდა, ეჭვები დღემდე არსებობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო.
გარდა ამისა, აშშ-ში უცბად ერთად რომ გადაწყვეტს წასვლას - იქიდან მიხეილ სააკაშვილი და აქედან გიორგი გახარია, შემდეგ ერთ სასტუმროში აღმოჩნდებიან - დაითვალეთ რამდენი სასტუმროა ნიუ-იორკში და მიხვდებით, რომ ამასაც საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვის გაჩენა შეუძლია. მით უფრო, როცა ეს ყველაფერი იმ მოქმედებებს ემთხვევა, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინა - იგივე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. ერთად ამდენი დამთხვევა არ ხდება!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან გახარიას წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს რატომ არ მიეცა სამართლებრივი რეაგირება, რასაც პარტია “საქართველოსთვის“ ითხოვს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ რეაგირების მოთხოვნით პროკურატურას თავადაც მიმართავს.