პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ილია ჯიშკარიანს, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლოში მიცემული ჩვენებისას უზუსტობები ჰქონდა და გარკვეულ გარემოებებთან მიმართებით დაზარალებულის ჩვენება გამყარდა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულის ჩვენება შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად, როგორიც არის დაზარალებულის ჩვენება, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და მომდევნო პროცესზე, აღნიშნული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში იქნება.
„ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაში დეტალურად გაუსვამს ხაზს იმას, რომ ილია ჯიშკარიანის ჩვენებიდან 2 წლის შემდგომ გარკვეული დეტალები მხოლოდ იმიტომ დაზუსტდა, რომ ბიოლოგიური და სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნებთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ეს დასკვნები იმ პერიოდში, როცა გამოძიებისას დაიკითხა ბრალდებულს ფიზიკურად არ ეცოდინებოდა. ამ საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით დასკვნით სიტყვაში. ბრალდების მხარის შეფასებით, ბრალდებულს უზუსტობები ჰქონდა და გარკვეულ გარემოებებთან მიმართებით დაზარალებულის ჩვენება გამყარდა.
ასევე ძალიან საინტერესოა დაცემის ეპიზოდი, რომ დაეცა და წამოაყენა. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ბრალდებულს არაფერი უთქვამს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაზარალებულის ტანსაცმლის გარკვეულ ადგილებზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა დაფიქსირდა, სწორედ ამის გასამყარებლად დასჭირდათ ეს დეტალი.
მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ბრალდებული ცდილობს ალკოჰოლდამოკიდებულად გამოიყვანოს მოწმე და ამ დროს, ორი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი სამუშაო ადგილზე თვითონ მიიტანა. აქედან გამომდინარე, ამ დეტალებს დასკვნით სიტყვაში შევაფასებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც შესაძლოა შეფასების საკითხი იყოს, ფაქტობრივად, ბრალდებულმა დღეს გვითხრა, რომ დამატებითი ბოთლი მიუტანა თავის თანამშრომელს თამთა თოდაძეს, ვინაიდან ის და მისი ორო მეგობარი ძალიან ცოტა ალკოჰოლს სვამდნენ“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.