სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ჯიშკარიანი საქმიანობას აგრძელებს და ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ აქვს. თუმცა, კუბლაშვილი არ აკონკრეტებს აგრძელებს თუ არა ჯიშკარიანი მუშაობას თბილისის საკრებულოს დეპუტატად.
რაც შეეხება ბრალდების მხარისა და საქმეში დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძის განცხადებას, რომ ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესზე მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება შეცვალა, კუბლაშვილის განმარტებით, ჯიშკარიანმა სიტყვასიტყვით გაიმეორა იგივე, რაც 2 წლის წინ გამოძიებას განუცხადა.
„გამომძიებელს კოპირების გზით აქვს თამთა თოდაძისა და მისი დედის ჩვენებები ერთმანეთისაგან გადაწერილი, ჯობს ამ უზუსტობებზე ისაუბრონ. ჯიშკარიანს არანაირი თანამდებობრივი აკრძალვა სასამართლოდან, ან თამთა თოდაძის ბრალდებიდან გამომდინარე არ აქვს, ის ჩვეულებისამებრ აგრძელებს თავის საქმიანობას. სად მუშაობს არ ვიცი, მაგრამ ამ საქმიდან გამომდინარე არანაირი აკრძალვა რომ არ არსებობს, ეს ვიცი“, - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.