არ შეიძლება 6 თვით აირჩეს ადამიანი ცესკო-ს თავმჯდომარედ და მუდმივად იყოს დაძაბულობაში, რომ რომელიმე პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა არ დაკარგოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა-ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვოლსკი ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ცესკო-ს თავმჯდომარის ხანგრძლივი ვადით არჩევა.
კითხვაზე, აქვთ თუ არა კონსულტაციები გუნდის შიგნით კანონის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, ვოლსკი აცხადებს, რომ კონსულტაციები ყველა საკითხზე აქვთ, მათ შორის, ამაზეც.
„უნდა გვქონდეს სტაბილურობის მექანიზმი და ამ სტაბილურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მექანიზმი უნდა გაგაჩნდეს, არ ვიცი 2/3-ის თუ 50%-ის, რომლითაც შეძლებ ცესკო-ში გქონდეს სიტუაცია, როცა მისი თავმჯდომარე არ იქნება დამოკიდებული რომელიმე პარტიაზე და მის გემოვნებაზე. 6 თვე რომ ნიშნავ, ის 6 თვის განმავლობაში არის გარკვეული პოლიტიკური წნეხის ქვეშ.
თქვენ თუ გყავთ ასეთი კანდიდატი, რომელიც საერთო ნდობით იქნება არჩეული წარმოადგინეთ და განვიხილავთ. გარკვეულ წრეში უნდა იცნობდნენ ვინმეს, ასე ციდან ხომ არ ჩამოვარდება და ეს კანდიდატი ვისაც მხარს ვუჭერთ, აბსოლუტურად პასუხობს სტანდარტებს, რასაც ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. ამბავი რომ ატეხა „ნაცმოძრაობამ“ და ფიზიკურ შეტევაზე გადავიდნენ, აღმოჩნდა, რომ ჟვანიას არაფერი გაუყალბებია, პირიქით, მაღალი დონის პროფესიონალი ადამიანია და ახლა საკმაოდ მაღალ საერთაშორისო თანამდებობაზეა. აღმოჩნდა, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი კონკრეტული ნაბიჯები გადადგა კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და გააყალბა შედეგები.
შეუთანხმებლობა კანდიდატიდან კი არ გამომდინარეობს, ისიც შეიძლება მოსწონს „ნაცმოძრაობას“, მაგრამ სააკაშვილი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში, არც ერთ საკითხზე არ გვექნება პოზიტიური ნაბიჯი გადადგმული, სანამ მე ვარ საკანში და მისი სიტყვების, იდეების გარშემო არის „ნაცმოძრაობა" ასე დესტრუქციულად ჩამოყალიბებული, თორემ შესაძლოა, სააკაშვილი ამდენად რომ არ ერეოდეს, იქ ჰქონდეს მწვავე დაპირისპირება, მაგრამ იყოს მუშაობა. ესენი გეომებიან და ამ ომში ვინც გინდა დაასახელე, მნიშვნელობა არ აქვს,“- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, ცესკოს თავმჯდომარის ხანგრძლივი ვადით არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუციის განვითარებას, სტაბილურ მდგრადობას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ კონტექსტში მან გაიზიარა მმართველი გუნდის პოზიცია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს და ამოქმედდეს ნორმები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ცესკოს თავმჯდომარის 5 წლის ვადით არჩევას. კალანდარიშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემოღებული მექანიზმი, კერძოდ, თავმჯდომარის 6 თვით არჩევის კომპონენტი გარდამავალი პერიოდისთვის დროებითი ზომა იყო.