დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის ახალშექმნილი ალიანსი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალი ფორმულაა. ევროპის უსაფრთხოების სივრცე სწორედ ასეთ მცირე სამხედრო პოლიტიკურ კავშირებზე იქნება აწყობილი, ნატო კი სიმბოლურ დატვირთვას დაიტოვებს, როგორც ერთიანი ევროპის უსაფრთხოების გარანტი, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ასეთ ალიანსებში გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
„უკრაინის კრიზისმაც გვიჩვენა, რომ აუცილებელია მცირე ზომის სამხედრო - პოლიტიკური ალიანსების შექმნა. მათი უპირატესობა არის გადაწყვეტილებების მიღების მობილობა და რეაგირების სისწრაფე, რაც სამხედრო საფრთხის არსებობის პირობებში უმნიშვნელოვანესია. ასეთი მცირე ალიანსები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ბლოკი, რომელსაც 30 წევრი ჰყავს. რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ევროპა ერთიანია, ევროპის ქვეყნებს შორის არსებობს სხვადასხვა, მათ შორის ეკონომიკური ინტერესები რუსეთთან მიმართებაში. გადაწყვეტილებების მიღებაში დისონანსების თავიდან ასარიდებლად მცირე ალიანსები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რაც შემდგომ ევროპას აიძულებს, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ერთიანად ჩაერთოს.
ევროპას თავისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და ასევე დემოგრაფიული თვალსაზრისით, უდავო უპირატესობა აქვს რუსეთთან შედარებით. თუ ევროპა უსაფრთხოების გაძლიერებას საკუთარი ძალებით შეძლებს, რუსეთი გაერთიანებულ ევროპას ისეთ საფრთხეს ვერ შეუქმნის, რომ ამერიკის სამხედრო დახმარება აუცილებელი გახდეს. ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიცაა ბრიტანეთი, თურქეთი, გერმანია, ალიანსების შექმნა და მათი დახმარებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების სისტემების შექმნა, ამერიკას შესაძლებლობებს გამოუთავისუფლებს, რომ წყნარი და ინდოეთის ოკეანეების უსაფრთხოების მიმართულებაზე, ასევე ჩინეთის შეკავებაზე, სრული მასშტაბით გადაერთოს, რასაც მსოფლიოს მომავალი უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ასეთი ალიანსები საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ თურქეთთან, ისრაელთან, ბრიტანეთთან პირდაპირი კავშირები დავამყაროთ, მით უფრო, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ ფორმატებში ყოფნის გამოცდილება გვაქვს. თუ უსაფრთხოების ღერძი შეიქმნება, ბრიტანეთი-უკრაინა-მოლდოვა-საქართველო-თურქეთი, ეს იქნება სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საყრდენი,“ - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.