ბაკურიანი მზადაა პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში ევროპის, ხოლო სლოუფსთაილში მსოფლიო თასის ეტაპების ღირსეულად მასპინძლობისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო შეჯიბრების წინ ბაკურიანს ეწვია და მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
„ბაკურიანში სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს იმისთვის, რომ ჩვენს კურორტზე ევროპისა და მსოფლიო თასს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. ძალიან სასიხარულოა, რომ ძალიან მაღალი შეფასება უკვე მივიღეთ იმ სამზადისისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში გასწია. მოვაწყვეთ ახალი სასრიალო ტრასები, ახალი საბაგირო და ხელოვნური გათოვლიანების სისტემა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
უწყების ცნობით, ბაკურიანში 19-20 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპის თასის ეტაპები, 3-6 მარტს კი მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. ევროპის თასის ეტაპები პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინას, ხოლო მსოფლიო თასის ეტაპები სლოუფსთაილის მოიცავს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება - ბაკურიანი სლოუფსთაილის სახეობას პირველად უმასპინძლებს. ჯამში, კურორტს მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის (ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, პოლონეთი და ა.შ. ) 200-მდე სპორტსმენი ეწვევა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების შეფასებით, საქართველომ ძალიან ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც ევროპისა და მსოფლიო თასებისთვის ინფრასტრუქტურულ მზადყოფნას გულისხმობს.