საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 15-18 თებერვალს, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ხუთწლიანი პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის დახმარების სამსახური“ ფარგლებში საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ექსპერტებს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრების მიზანს წარმოადგენს მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული არსებული სიტუაციის ანალიზი და შეფასება, აგრეთვე საერთაშორისო მეთოდოლოგიებისა და პრაქტიკის გაზიარება.
„მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოება წარმოადგენს საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ აქტივობას საგარეო სექტორის სტატისტიკის განვითარების მიმართულებით. ის ასევე განსაზღვრულია განსაზღვრულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2021 წლის განმავლობაში საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ექსპერტების ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა საქსტატისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა მონაწილეობით.
ვიზიტის დასრულების შემდგომ, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ექსპერტები გასცემენ რეკომენდაციებს მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოება, ევროკავშირის პროექტის TWINNING-ის ფარგლებში დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.