ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ამზადებენ სანქციებს, რომლებიც ბევრად უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციები, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„ჩვენ ვამზადებთ კონკრეტული სანქციების პაკეტს, რომელიც ბევრად უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე 2014 წლის შემდეგ დაწესებული“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
უკრაინის სამთავრობო ძალები და პრორუსი სეპარატისტები მეორე დღეა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის, შესაძლოა, ყალბი საბაბი გამოიყენოს.