თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების საშუალებები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ევროპის რომელიმე ნაწილი საკუთარი გავლენის სფეროდ ჩათვალოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი მტკიცებით, სამივე ქვეყანა გააძლიერებს ერთობლივ ძალისხმევას უკრაინაში სტაბილურობის დასაცავად.
„ჩვენი სამი ქვეყანა გააძლიერებს ერთობლივ მუშაობას სტაბილურობის დასაცავად და უკრაინაში მდგრადობის გასაძლიერებლად, აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე დემოკრატიის გასაძლიერებლად,“- აღნიშნულია განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, სამმხრივი თანამშრომლობა მოიცავს, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერის მიმართ კოორდინაციას.
„ერთად ვიმუშავებთ ჩვენი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, რომელიც მოიცავს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერის კოორდინაციას, რაც გააფართოებს ჩვენს თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოების საკითხებში და გააძლიერებს სტრატეგიულ კომუნიკაციებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით,“-ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.
„გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, დგანან რა უკრაინასთან ერთად რუსული აგრესიის ფონზე და სრულად მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ერს მის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში,“- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებისთვის, ასევე უსაფრთხოების სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი გუშინ ოფიციალურად დააარსეს.