თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, პროკურატურას სასამართლოში 1 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. აღნიშნული მოწმის დაკითხვის შემდეგ, წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა რამდენიმე სხდომის წინ აღიარა, თუმცა, განაცხადა, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძე კი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი დანაშაული მხოლოდ მკვლელობის არშეტყობინებაა.
ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს.
აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.