„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია.
ორგანიზაციის განმარტებით, მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის აღსანიშნავია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის, სამსახურიდან გათავისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების შევიწროების სავარაუდო შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება; საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების პოლიტიზების მაღალი ხარისხი და მათ მიერ საარჩევნო დავების არაეფექტიანად და არაკეთილსინდისიერად წარმართვა; როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე საჯარო სამსახურების პოლიტიზება და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიაში მასშტაბური ჩართვა; საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება.
„2021 წლის ივნისიდან რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ან/და მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ. აგვისტო-ოქტომბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არაერთი მსგავსი ფაქტი შეისწავლა -17 პირის შემთხვევაში გამოიკვეთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროების გარკვეული ნიშნები. ზოგიერთმა დაზარალებულმა საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოს გზით სცადა, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც” იცავდა 4 პირის ინტერესებს, თუმცა სასამართლოებში საქმეთა უმრავლესობა კვლავ განუხილველია;
არჩევნებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის ნიშნების შემცველ სავარაუდო ფაქტებზე საგამოძიებო უწყებების მიერ მიღებული ზომების, მათ შორის დაწყებული გამოძიებების შესახებ სრული ინფორმაცია არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც გენერალურ პროკურატურას არ გაუვრცელებია. სამინისტრომ მხოლოდ არჩევნების დღეს მომხდარ ფაქტებზე და გამოძიებებზე არსებული მოკლე ინფორმაცია წარადგინა, თუმცა საზოგადოებისთვის არ უცნობებია სხვა პერიოდში მომხდარი ფაქტების გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე. არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცალკეული ინფორმაციის მიღების საშუალება იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი” კომისიის სხდომებზე ჰქონდათ. კერძოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები არჩევნებთან დაკავშირებულ პოტენციურ დარღვევებზე საპასუხოდ მათ მიერ მიღებულ ზომებზე უწყებათშორის კომისიას აწვდიდნენ ინფორმაციას. არც უწყებათაშორის კომისიას წარუდგენია ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ,- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, ორგანიზაციის ინრორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სულ ორივე არჩევნებზე ჯამში 107 საჩივარი/სარჩელი შეიტანა სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიასა და ინსტანციის სასამართლოში. მათგან 17 დაკმაყოფილდა, ხოლო 14 საჩივარი, რომლითაც შემაჯამებელ ოქმში მნიშვნელოვანი დისბალანსების გამო შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვდა, საოლქო საარჩევნო კომისიებს სხვა ორგანიზაციების საჩივრების ფარგლებში ან შემთხვევითი შერჩევით უკვე ჰქონდა გადათვლილი. 76 საჩივარი/სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ორგანიზაციის შეფასებით, საჩივრებისა და სარჩელების განხილვის ხარისხი არჩევნების პირველი ტურის დროს უარესი იყო, ვიდრე მეორე ტურისას;
„2021 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საარჩევნო კომისიებს გაუჩნდათ ვალდებულება ხელახლა გადაეთვალათ ზოგიერთი საარჩევნო უბნის შედეგები. არჩევნების პირველი ტურის შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებმა მთლიანობაში 812 უბანზე გადათვალეს მონაცემები, ეს კი საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის დაახლოებით 22% იყო. რაც შეეხება მეორე ტურს, 30 ოქტომბრის შემდეგ სულ გადაითვალა 274 უბნის შედეგი, რაც უბნების საერთო რაოდენობის დაახლოებით 15% იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პირველი ტურის დროს გადათვლას არ დაჰკვირვებია, ხოლო მეორე ტურის შემდეგ 6 მუნიციპალიტეტში მიადევნა ამ პროცესს თვალი. ორგანიზაციის მონიტორებმა არაერთი ხარვეზი თუ შეგნებული დარღვევა გამოავლინეს დაკვირვების პროცესში. კერძოდ, ზოგიერთ ოლქში კონფლიქტური გარემო იყო და დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ პროცესზე ზედამხედველობის საშუალება; რამდენიმე ოლქში ბიულეტენების გადათვლის პროცესს, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, სათანადოდ არ აღბეჭდავდნენ ვიდეოკამერაზე; თითოეულ კომისიაში ყველა უბნის გადათვლა პარალელურად ხდებოდა, რაც დაკვირვების პროცესს ართულებდა; არცერთ ოლქში არ გახსნილა სამაგიდო სიები და არ გადათვლილა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა, ანუ კომისიებმა მხოლოდ ბიულეტენები გადათვალეს; ზოგიერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ კი ხმები ბიულეტენების დასტების გახსნის გარეშე გადათვალა;
ამასთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების პირველი სხდომები ერთსა და იმავე დღეს 3 დეკემბერს დანიშნა, რის შედეგადაც, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტურები არ გამართულა და არჩევნების საბოლოო შედეგები 16 ოქტომბერს შეჯამდა, პირველის სხდომის დანიშვნისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა გაშვებულ იქნა, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, იმ მუნიციპალიტეტებშიც კი სადაც მეორე ტური ჩატარდა და არჩევნების შედეგები 13 ნოემბრამდე შეჯამდა, არაგონივრული იყო ხანგრძლივი ლოდინი და პირველი სხდომების 3 დეკემბერს დანიშვნა. ასეთი გადაწყვეტილებები, ასევე, ეწინააღმდეგებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინა ორ ადგილობრივ არჩევნებზე დადგენილ პრაქტიკას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ კომისიამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტს მოარგო და საკრებულოების პირველი სხდომების გვიანი ჩანიშვნით მმართველი პარტიის კონტროლირებად ძველ საკრებულოებს შესაძლებლობა მისცა, შემდეგი წლის ბიუჯეტი ახლის შეკრებამდე დაემტკიცებინათ,“- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია 2021 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აფასებს, რომელთა მიზანიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება იყო.
„სამუშაო პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში, ასევე, აისახა პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებებიც. პოზიტიური ცვლილებებთან ერთად, კანონში შევიდა რამდენიმე ისეთი უარყოფითი დებულება, რამაც რეფორმის მნიშვნელობა დააკნინა და მმართველი პარტიის ინტერესებს მოარგო. კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულმა დროებითმა რეგულაციამ საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადები შეამცირა, რითაც შესაძლებელი გახდა, მმართველ პარტიას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე დაემტკიცებინა სასურველი კანდიდატები. კიდევ რამდენიმე დროებითმა რეგულაციამ კი ორ ოპოზიციურ პარტიას უსამართლოდ ჩამოართვა საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოვლინდა სამსახურებრივი ნიშნით ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებთან სააგიტაციო შეხვედრების ორგანიზების სავარაუდო შემთხვევები, რაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით კანონდარღვევას წარმოადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 5 ასეთ შემთხვევაზე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრითაც მიმართა, რომელთაგან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, რომელიც ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ეხებოდა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ასევე, იგივე პერიოდში აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა. საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა საარჩევნო კოდექსის ზემოთ აღნიშნული რეგულაცია;
საანგარიშო პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 17 სახელმწიფო პროგრამა/ინიციატივა გამოარჩია, რომელიც საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებად შეიძლება იყოს მიჩნეული,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე.