„ქართული ოცნების“ რიტორიკაა ის, რომ ყველას და ყველაფერს ეძახის „ნაციონალურ მოძრაობას“. მას სჭირდება მტრის ხატი და ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ მტრის ხატის შექმნის შესაძლებლობა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე ერთი გეგმის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრაგმატულ წინადადებებს განიხილავენ. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დამოუკიდებელი პარტიაა და ასე განაგრძობს საქმიანობას, თუმცა ეს არ გამორიცხავს ოპოზიციასთან კოორდინაციას.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის შედეგზე ორიენტირებული პარტია, ყველა პრაგმატულ წინადადებას განიხილავთ რა თქმა უნდა. ჩვენ არ ვართ დაკომპლექსებული, რომ სწორ იდეებთან დაკავშირებით უარი ვთქვათ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე. მთავარი საკითხი ახლა საერთო კოორდინაციის უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ვფიქრობ, ერთობის ამოცანა და ყველა პარტიის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების, არ დადგება, რადგან პროპორციული არჩევნები თავისთავად აერთიანებს ყველას ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ რიტორიკაა ის, რომ ყველას და ყველაფერს ეძახის „ნაციონალურ მოძრაობას“. მას სჭირდება მტრის ხატი, ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ მტრის ხატის შექმნის შესაძლებლობა. ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ჩვენი მრავალფეროვნებით „ქართული ოცნების“ დამარცხება,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისათვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა დააანონსა, რომ ერთი გეგმის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზება გაკეთდება. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონსტრის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა."
„უნდა გავაკეთოთ ისეთი შეთავაზებები, ისეთი მუშაობის რეჟიმი უნდა ვაჩვენოთ, სადაც საერთო შეთავაზებებს და კონსოლიდაციას ალტერნატივა არ ექნება. ასეთი შეთავაზებები გაკეთდება, ეს ხომ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამაში ყველა ხმა, მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.