ჩვენი მოქალაქეები სამწუხაროდ უმძიმეს ვითარებაში არიან და ვერ გრძნობენ ვერანაირ შედეგს თქვენი და თქვენი მთავრობის მუშაობის შედეგად,- ამ სიტყვებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მიმართა, რომელსაც დეპუტატები "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენდნენ.
ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალი წარუდგინა რაზეც ბოლო ერთი წლის მანძილზე ფასები ემატება.
„თუ იცით რა ღირს დღეს მაგალითად პური? - პური ღირს 1.30 ლარი, თუ იცით რა ღირდა პური ერთი წლის წინ? - პური ღირდა 80 თეთრი! თუ იცით რა ღირს დღეს შაქარი? - შაქარი ღირს 2.40 ლარი, რა ღირდა შაქარი ერთი წლის წინ? – 1.80 თეთრი! წყლის გადასახადი გაძვირდა 77%-ით, ბუნებრივი გაზის გადასახადი გაძვირდა 76%-ით, ელექტროენერგიის გადასახადი ერთ წელიწადში გაძვირდა 65%-ით, დასუფთავების გადასახადი გაძვირდა 58%-ით, თერმომეტრი გაძვირდა 47.5%-ით, ბენზინი-საწვავი გაძვირდა 39.9%-ით! და ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია, იმის რაც დღეს გვჭირს ქვეყანაში. ამის ფონზე თქვენ საუბრობთ, რომ ბიუჯეტის მასშტაბური ზრდა გვაქვს, მე მაინტერესებს ამ მასშტაბური ზრდის პირობებში, რას იღებენ საქართველოს მოქალაქეები?! გასულ წელს, თქვენ სესხის და კრედიტის სახით აიღეთ სახელმწიფო ვალად კიდევ 5 მილიარდი ვალი, წელს დაგეგმილი გაქვთ 4.4 მილიარდი ლარის დამატებით ვალის აღება, მე მაქვს კითხვა, ბიუჯეტის მასშტაბური ზრდის პირობებში საქართველოს მოქალაქეებისკენ რა მიდის? რაც ჩამოგითვალეთ იმ პროცენტებთან მიმართებაში რამდენით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი? - არაფრით სამწუხაროდ!. რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა საქართველოში კერძო სექტორში? - არ შექმნილა და ამას თავადვე აღიარებთ. რაიმე ინვესტიციები ხომ არ მივიღეთ თქვენი ბიუჯეტის მასშტაბური ზრდის პარალელურად ქვეყანაში, რამე დიდი პროექტი ხომ არ დაიწყო?! - არაფერი არ დაწყებულა. აბა მაშინ, როდესაც ამბობთ, რომ ძალიან წარმატებული წელი გვქონდა და კიდევ უფრო წარმატებული წელი გვექნებაო რითი საზღვრავთ? ნუთუ არ გიფიქრიათ, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თქვენ უსაზღვრავთ, რომ საარსებო მინიმუმი საქართველოში არს 200 ლარიო რით ცხოვრობს? როდესაც ის მაღაზიაში შედის გვერდზე აფთიაქია და არჩევანის გაკეთება უწევს წამალი იყიდოს თუ საკვები პროდუქტი საკუთარი თავისთვის, ამ ადამიანს რას ეუბნებით? რა ფუნდამენტურ ეკონომიკურ რეფორმებს ატარებთ, რომელიც წაახალისებს ეკონომიკას, სამუშაო ადგილს შექმნის, მოიზიდავს ინვესტიციებს?! - სამწუხაროდ, არაფერს და როგორც გასულ წელს ბრძანდებოდით აქ და ვალებზე და გაჭირვებაზე ვსაუბრობდით, არაფერი შეცვლილა დღემდე. გამოდის თქვენი პრემიერ - მინისტრი და იძახის 300 - ლარიან დასაქმებას დავიწყებთო, საიდან აფინანსებთ? რას აკლებთ ამ თანხას? ამაზე არ საუბრობს. ამ არსებულ ბიუჯეტში რაღაცას ხომ უნდა მოაკლოთ თანხა რომ ეს დააფინანსოთ, ამასაც არ ამბობთ. გეკითხებით გაქვთ თუ არა რაიმე მექანიზმი ამ ფასების ზრდის პირობებში რაიმე გეგმა, რამე რომ გვეშველოს ამ ქვეყანაში, გაქვთ სტრატეგია? - ფაქტობრივად ამაზეც არაფერს გვეუბნებით. მთელი საქართველო საუბრობს, რა მოხდა ამ ქვეყანაში ისეთი, რომ უცებ ლარის კურსის ნიშნული ჩამოვიდა დაბლა, ახლა ისევ ავარდა ნიშნული მაღლა, რა მოხდა? ნუთუ თქვენ როგორც ფინანსთა მინისტრს არ გაგაჩნიათ ამაზე აზრი და პასუხები? თუ ეროვნული ბანკის ბრალია, მაშინ უნდა თქვათ, რომ ისინი რაღაცას არასწორად აკეთებენ. თუ ასე არ არის მაშინ მითხარით ქვეყნის მთავარი ფინანსისტის, ფინანსთა მინისტრის ვალი რა არის ამ ქვეყანაში. ყველა ის პროგრამა რაც თქვენს პრეზენტაციაში წარადგინეთ, სამწუხაროდ გვაღარიბებს! არ მდიდრდება არავინ ამ ქვეყანაში, ბიზნესს მეტი შემოსავალი არ აქვს, სამუშაო ადგილები არ იქმნება, ოჯახებში შემოსავალი არ იზრდება, ადამიანები ქვეყნიდან გარბიან - სხვა ქვეყნებში მიდიან დასასაქმებლად იმიტომ, რომ სამუშაო ადგილი არ აქვთ, ახალგაზრდა ადამიანს პერსპექტივა არ აქვს ბატონო ლაშა ამ ქვეყანაში, მე კითხვას ვსვამ, რისთვის გვინდა ეს ბიუჯეტი?! იმისთვის, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს. თქვენ, რომ მოსულიყავით და გეთქვათ - მეგობრებო მასშტაბური ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ მოდით დავწიოთ გადასახადები და დავუტოვოთ მეტი საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნესს, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ტაშს დაგიკრავდით. რომ მობრძანებულიყავით და გეთქვათ - მესმის ბენზინზე ამხელა ფასი არის წარმოუდგენლად რთული გადასახდელი, ეს აძვირებს ყველაფერს ამ ქვეყანაში და ვამცირებთ აქციზის გადასახადს, მაშინ გავიგებდით, რომ ეს სწორია, თქვენ კი ამის მაგივრად გაუგებარი ფორმულა გვითხარით. ბატონო ლაშა თქვენ ხომ იცით, რამდენია გადასახადი 1 ტონა ბენზინზე სომხეთში გადასახადი?! 230 ლარი, ჩვენთან რამდენია?! 500 ლარი. კითხვას ვსვამ - რატომ?! თავის დროზე მოუმატეთ აქციზის გადასახადი, ამან გააძვირა ცხოვრება ქვეყანაში, ახლა კიდევ რაღაცას დავაფინანსებ, რაღაც სუბსიდირება, გაუგებარ, რაღაცას გველაპარაკებით. ფული თუ შემოდის ორ რამეს მაინც მოახმარეთ ხალხს მაინც არ ახმართ, ვალი აღარ აიღოთ და მეორე შეამცირეთ გადასახადები, იქნებ ეშველოს რამე ამ ქვეყანას. გაიქცა ყველა ამ ქვეყნიდან, ხალხი მშიერია, თქვენ ხართ ყველაზე ღარიბი, ყველაზე მშიერი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ მშიერი და ღარიბი კი არ ვართ, მდიდრები ვართო. არა, ბატონო ლაშა! ჩვენი მოქალაქეები სამწუხაროდ, უმძიმეს ვითარებაში არიან და ვერ გრძნობენ ვერანაირ შედეგს თქვენი და თქვენი მთავრობის მუშაობის შედეგად, ამიტომ ან საქმეს მიხედეთ ან თქვით, რომ არ შეგიძლიათ და მაშინ სხვანაირად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება“ , - აცხადებს გიორგი ვაშაძე.