თქვენ არ ბრძანდებით ხალხის მინისტრი. თქვენ ხართ სისტემის მინისტრი და ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სისტემის ერთ-ერთი მსახურის მოხსენება, რომელმაც ამ დარბაზში წამოადგინა რეალობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებასთან, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრმა პარლამენტს „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
სალომე სამადაშვილმა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, შედეგად საქართველოს მოქალაქეებს, გაეზარდათ ვალი და ყოველდღიურად უმცირდებათ შემოსავალი.
„დღეს მოვისმინეთ, რომ ეს კრიმინალური სინდიკატი, რომელმაც ცინიკურად „ქართული ოცნება" დაირქვა, კიდევ რამდენიმე თაობას აპირებს რომ წაართვას ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსი. ამ სისტემის მთავრობას, ჩვენ შეიძლება ვალების მთავრობა დავარქვათ, რადგან გასული ათი წლის მანძილზე, არაერთი მიღწევა, რაც ამ ხალხს აქვს, არის ის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მხრებზე დაკისრებული ვალი გაიზარდა ოთხჯერ, ვგულისხმობ საგარეო ვალს, რომელიც 2013 წელს იყო 8 მილიარდი და დღეს არის 20 მილიარდი. ამის პარალელურად იგივე სისტემამ გააღატაკა ადამიანები. ჩვენ დღეს მრავალჯერ გკითხეთ, რას უპირებთ ინფლაციას და პასუხი ვერ მოვისმინეთ და პასუხი არ გაქვთ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ოთხჯერ გაეზარდათ საგარეო ვალი, მათი ცხოვრება გაძვირდა 45 პროცენტით.
თქვენ რეალურად გააღატაკეთ საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელსაც გაეზარდა ვალი და ყოველდღიურად უმცირდება შემოსავალი",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.