ნამდვილად არ დავკვირვებივარ ბატონო რომან, ასეთი კორელაცია თუ არსებობდა ჩემს პარლამენტში ვიზიტსა და ლარის კურსის გამყარებას შორის. თუ ნამდვილად ასეთი კორელაციაა, მე შემიძლია ყოველდღე მოვიდე საქართველოს პარლამენტში, - ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს უსმენენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან უცნაური პარალელი იქნა გავლებული მის პარლამენტში ვიზიტსა და ვალუტის კურსთან მიმართებაში.
„ნამდვილად არ დავკვირვებივარ ბატონო რომან ასეთი კორელაცია თუ არსებობდა ამ ორს შორის. თუ ნამდვილად ასეთი კორელაცია, მე შემიძლია ყოველდღე მოვიდე საქართველოს პარლამენტში. ამ შემთხვევაში პარალელი იყო გავლებული, რომ ფინანსთა მინისტრის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ლარი მყარდებოდა იმ მომენტში", - აღნიშნა ხუციშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება გასული წლის მაისის თვიდან დაიწყო და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. მისივე თქმით, მოლოდინი არსებობს, რომ ლარის კურსი სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებს.
„ლარის კურსი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. თქვენ იცით, რომ დაახლოებით მაისის თვიდან ლარმა მნიშვნელოვანი გამყარება დაიწყო და ეს გამყარება გრძელდება. ყოველთვის, როცა შემცირების ან ზრდის მიმართულებით მკვეთრი ცვლილება ხდება, ბუნებრივია, ამას დროის მცირე მონაკვეთში გარკვეული რყევები მოჰყვება. ყოველთვის ასე იყო და არა მხოლოდ საქართველოში. შესაბამისად, როდესაც ბოლო დღეებში ლარის კურსის მნიშვნელოვანი გამყარება მოხდა, ბუნებრივია, ლარის კურსმა იპოვა ახალი წონასწორობის წერტილი იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც არის ქვეყანაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება სტაბილური მდგომარეობა, მით უმეტეს როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მიმდინარე წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. ყველა ის პარამეტრი, რომელიც ლარის კურსზე და ეკონომიკურ ზრდაზე მიანიშნებს, მნიშვნელოვნად უმჯობესდება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ლაშა ხუციშვილს "მინისტრის საათის" ფორმატში მიმართა და აღნიშნა, რომ მის მისვლას გახარებული ელოდა.
"ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში და რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?!" - განაცხადა გოცირიძემ.