თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსების მიმდებარედ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფარეხების ნაცვლად კიდევ ერთი, ახალი სკვერი მოეწყობა.
„დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ავტოფარეხების დემონტაჟისა და მათ ადგილას აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეების შექმნის თაობაზე, თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ენთუზიაზმით შეხვდა.
აღნიშნულ მისამართზე, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილითა და ინიციატივით განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი და დაიგეგმა კეთილმოწყობილი სკვერის მშენებლობა, სადაც ოპტიმალურად იქნება თავმოყრილი მწვანე და სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილი ზონა, საბავშვო მოედანი, უბრალოდ ლამაზი და ჯანსაღი სივრცე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. „გამწვანებული დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით, 17 ფარეხის დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიაზე „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით დასუფთავების აქცია განხორციელდა“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.