რამდენად რეალისტურია პრემიერის განცხადება, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო თანხა არის ბიუჯეტში?, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელსაც საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.
მისი თქმით, წელიწადში 50 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმებას წელიწადში 720 მილიონი ლარი დაჭირდება და გაუგებარია, როგორ მოხდება ბიუჯეტში აღნიშნული თანხის მობილიზება.
“სულ რამდენიმე ხნის წინ გაჟღერდა პრემიერის მხრიდან ახალი პროგრამის თაობაზე სადაც ის ამბობს, რომ ქვეყანაში 50 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი უნდა დაასაქმოს, ჯამში 200 000 იმიტომ, რომ დაახლოებით ამდენი არის შრომისუნარიან სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. ეს მოითხოვს წლევანდელ ბიუჯეტში 100-150 მილიონამდე ლარის მობილიზებას და თუ ეს პროგრამა მთლიანად განხორციელება, წელიწადში 720 მილიონი მაინც გვჭირდება, რა თქმა უნდა, ეს რიცხვები ამ მონაცემებზე დაყრდნობით შევძელი გამომეთვალა. გთხოვთ, უფრო მეტი და დაწვრილებით გვითხრათ - საიდან აქვს ბიუჯეტს ამდენი თანხმა, მით უმეტეს, როცა რამდენიმე წუთის წინ ვიკითხე და ბაღების ასაშენებლად საჭირო თანხებიც არ გვაქვს და ვიღებთ სესხს ამისთვის. რამდენად რეალისტურია, რომ ამ პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო თანხა არის ბიუჯეტში? წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში სად ხდება ამ თანხის მობილიზება, ეკონომია, კონკრეტული საკითხები და კონკრეტული მუხლები გვითხრით, რომ რეალისტური გამოჩნდეს პრემიერის ეს პროგრამა, რომელზეც კარგად არ უფიქრია, სამწუხაროდ”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.