გიორგი ვაშაძეს ვერსად ნახავთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საერთო კამპანიაში, თუნდაც შუალედურ არჩევნებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსთავში კანდიდატი ბადრი ჯაფარიძეს არ დაუყენონ, სხვა დეტალებთან დაკავშირებით კი იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, რა სახით იქნებიან ამ პროცესში ჩართულები.
"ბადრი ჯაფარიძე ძალიან კარგი ადამიანია, ღირსეული ქართველია, რომელსაც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ და რანაირად მიიღებს "სტრატეგია აღმაშენებელი" მონაწილეობას, როგორც მინიმუმ კომისიის წევრებით, ამ და სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, სატელეფონო საუბარი რა თქმა უნდა, გვქონდა ბადრი ჯაფარიძესთან. იმედი მაქვს, რომ გვექნება სწორი გადაწყვეტილება რუსთაველების მხრიდან. "სტრატეგია აღმაშენებელს" საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვქონდა რუსთავში საპარლამენტო არჩევნების დროს და ყველას მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ "ქართული ოცნების" მონოპოლიური ძალაუფლების რღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ რუსთავში, ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენი ალიანსი გამორიცხულია, არავისთან ალიანსს არ ვაპირებთ. ეს არის კონკრეტული მაჟორიტარული ოლქი, კონკრეტული კანდიდატით. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, როცა ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. "სტრატეგია აღმაშენებელი" არის დამოუკიდებელი პარტია და არ ვაპირებთ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს და მათთან ერთად არც ერთ კამპანიაში მონაწილეობას. გიორგი ვაშაძეს ვერსად ვერ ნახავთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თუნდაც, შუალედურ არჩევნებში საერთო კამპანიაში. ეს არის ჩვენი მიდგომა, რადგან ქვეყანას სჭირდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები", - განაცხადა ვაშაძემ.