გულწრფელი პასუხი მჭირდება თქვენგან, პოლიტიკური მოვლენები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფასდება უარყოფითად, არის თუ არა ქართულ ეკონომიკაზე ზეგავლენის მომხდენი ფაქტორები? - ამ კითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.
„19 აპრილის შეთანხმების გაუქმება, ივლისის ცნობილი მოვლენები, წლის ბოლოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ზოგადად, ეს პროცესები, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან უარყოფითად ფასდება, არის თუ არა ქართულ ეკონომიკაზე ზეგავლენის მომხდენი ფაქტორები და ასევე ახდეს თუ არა ზეგავლენას აღნიშნული უარყოფითი პროცესები რაც ქვეყანაში ხდება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, -განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ის ასევე დაინტერესდა, რას აპირებს მთავრობა სავალუტო ფონდის პროგრამებთან დაკავშირებით.
„რა ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა ამ პროგრამის ამუშავება და თუ იგეგმება, კონკრეტულად რა ვალდებულებების აღება, რა რეფორმების გატარება მოუწევს სახელმწიფოს და იქნება თუ არა ეს საგადასახადო დავების საბჭოს რეფორმირება ან დაწყებული და ბოლომდე არ მისული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ა.შ?“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.