მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლების მედიატური საქართველოში გრძელდება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისისა და მცხეთის შემდეგ მათ სამცხე-ჯავახეთში უმასპინძლა. ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის მედიის 7 წარმომადგენელი ბორჯომსა და ბაკურიანს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამთო-სათხილამურო კურორტზე, კერძოდ, ბაკურიანში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა. მედიატურის მონაწილე ჟურნალისტებმა ბაკურიანში სათხილამურო ტრასებზე ისრიალეს.
„ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში ყველის ფერმა დაათვალიერეს და მესხური ყველი დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებმა 300-წლიანი მესხური სახლი დაათვალიერეს, სადაც ადგილობრივი კერძების მასტერკლასი გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთის მონახულების შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები იმერეთს ეწვევიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული ცნობილი ჟურნალისტები სტატიებს ამზადებენ შემდეგი გამოცემებისათვის: “The New York Times”, BBC”-ის, “Forbes“, Independent”, Dazed Magazine, “Marie Claire”, “Sunday Times” და ”Sueddeutsche”.
სტატიები საქართველოს სამთო-სათხილამურო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ დაიწერება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.