თქვენი ხელისუფლების სტანდარტისთვისაც კი ძალიან დაბალი დონის პრეზენტაცია გქონდათ, გულწრფელად რომ გითხრათ და არაფერი საინტერესო, გარდა ხელისუფლების ქება-დიდებისა, ამ პრეზენტაციაში არ იყო, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.
დეპუტატმა მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის, დაინტერესდა პანდემიის პირობებში რა უჯდება სახელმწიფოს ერთი ინფიცირებულის მკურნალობა.
„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაცია ჩავარდნილია, პრემიერ-მინისტრი გვყავს ანტივაქსერი და ისეთი განცხადებები გააკეთა მან, რომ ვაქცინის მიმართ მოსახლეობას ნდობა კიდევ უფრო შეერყა, კითხვა მაქვს - რა ჯდება ერთი ადამიანის მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია და რა ხარჯს წევს სახელმწიფო? დაახლოებით, 1,5 მილიონი ინფიცირებული გვყავს და აქედან 225-მა ჰოსპიტალური სექტორი გამოიარა. რატომ არის, რომ სახელმწიფოს ანტივაქსერული პოლიტიკა კიდევ უფრო დიდ ტრავმად აწევს ეკონომიკას? ამ კოვიდის პირობებში, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ ინტერნეტის კუთხით ბავშვებს და ოჯახებს. ბიძინა ივანიშვილმა 2016 და 2018 წელს ფონდ „ქართუს“ მეშვეობით დაანონსა სკოლის პროგრამები, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა მე განათლების მინისტრი ვიყავი, მაშინ დაიწყო. მაინტერესებს რა ბედი ეწია ამ ინტერნეტიზაციის პროგრამას, სად არის გაჩერებული პროგრამა და რამდენ ბავშვს მიეცით ინტერნეტი?“ - მიმართა ფინანსთა მინისტრს ხატია დეკანოიძემ.
ასევე, დეპუტატი დაინტერესდა, რა ინვესტიციები მოიზიდა პრემიერ-მინისტრის უცხოელმა მრჩეველმა და სად არის დაანონსებული ფინანსური ცენტრი, რომელიც საქართველოში უნდა შექმნილიყო.
„თქვენ რომ ძალიან დიდ ხელფასს უხდით პრემიერ-მინისტრის უცხოურ მრჩეველს, სად არის ეს ადამიანი, რა გააკეთა, რა ფინანსური ცენტრი ჩამოაყალიბეთ და ინვესტიციები სად არის, რომლის კლება გვაქვს პირიქით?“ - განაცხადა დეკანოიძემ.
დეპუტატმა ფინანსთა მინისტრს ასევე მიმართა კითხვით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე აქვს თუ არა მას გათვლები საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედებასთან დაკავშირებით.