ბადრი ჯაფარიძისთვის მხარდაჭერა იქცა არა მხოლოდ პოლიტიკურ ნაბიჯად, არამედ მორალურ-ზნეობრივ აუცილებლობად, შექმნილ ვითარებაში, - ამის შესახებ პარტია ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, რუსთავში მაჟორიტარული არჩევნები უნდა ,”იქცეს გაცილებით მნიშვნელოვან მოვლენად, ვიდრე შუალედური არჩევნებია".
,,ბადრი ჯაფარიძე იქცა სიმბოლოდ, ერთი მხრივ, იმ ტიპის მოქალაქის და პოლიტიკოსის, რომელმაც 30 წლის განმავლობაში შეინარჩუნა პატრიოტიზმიც, წესიერებაც, შრომის უნარიც და გამაერთიანებელ ფიგურად ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ასე უცერემონიოდ, ასე უხეშად, შემდეგ აღიარებითი ჩვენებით, რომ ,,ცუდად იქცეოდა, ჩვენთან რომ მოეგვარებინა საქმე, არ გავუშვებდით პარლამენტიდანო ", ამ ფაქტმა ბევრისთვის მოთმინების ფიალა აავსო და ამიტომ, ბადრი ჯაფარიძისთვის მხარდაჭერა იქცა არა მხოლოდ პოლიტიკურ ნაბიჯად, არამედ თითქმის მორალურ-ზნეობრივ აუცილებლობად, შექმნილ ვითარებაში. ამიტომ ბევრი პარტიისგან, მოქალაქისგან, საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან, მთელი საქართველოდან, ბადრიც და ჩვენც, ,,ლელო" ვიღებთ მზაობას იმისთვის, რომ რუსთავში მაჟორიტარული არჩევნები იქცეს გაცილებით მნიშვნელოვან მოვლენად, ვიდრე შუალედური არჩევნებია. უკვე რუსთავშია ჩვენი წარმომადგენელი, ამზადებენ სათანადო ინფრასტრუქტურას, ძალიან აქტიური მუშაობისთვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან და ზოგადად საზოგადოების დიდი ნაწილი, ამ პროცესში იქნება აქტიურად ჩართული", - განაცხადა უსუფაშვილმა.