ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით დაიწყო. სესია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად განიხილა.
ალიანსის წევრი ქვეყნებისა და უკრაინის თავდაცვის მინიტრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და პატივისცემა გამოხატა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა საქართველოსა და უკრაინის საერთო გამოწვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები რისკის ქვეშ აყენებს ქართველი და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. მისივე განცხადებით, აღნიშნული გამოწვევების პარალელურად საქართველო განაგრძობს თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარებას, რათა განავითაროს თავდაცვის შესაძლებლობები და გააუმჯობესოს ურთიერთთავსებადობა ნატოსთან.
სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა ურყევი სტრატეგიული არჩევანია.
უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის კი, მან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორების მეტ ჩართულობაზე, ნატოს შავი ზღვის სტრატეგიის აუცილებლობასა და ღია კარის პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის არსებული მექანიზმებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველო ინსტიტუციურ, საწვრთნელ და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს წარმატებით ავითარებს.