განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, იყო არა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, არამედ კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
სამადაშვილის შეფასებით, კობახიძემ დაადასტურა, რომ ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია განხორციელდა.
„ირაკლი კობახიძემ პირდაპირ გამოაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებას არაფერი აქვს საერთო არც კონსტიტუციურ მართლწესრიგთან და არც კანონის უზენაესობასთან.
მან პირდაპირ თქვა, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, პარლამენტის წევრის მანდატს არ გაუუქმებდნენ. კობახიძის განცხადება, რომ ბადრი ჯაფარიძეს საკუთარი ბრალეულობა უნდა ეღიარებინა, სწორედ ამას ნიშნავს. რეალობაა, რომ ქვეყანა კრიმინალური სინდიკატის მენტალიტეტით იმართება. კობახიძე, რომელიც აცხადებს, რომ კონსტიტუციონალისტია, რეალურად კრიმინალური ლოგიკით აზროვნებს და მოქმედებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს, ქვეყანაში მორყეულია კონსტიტუციის საფუძვლები იმ არაფორმალური მმართველობის რეჟიმში, რომელიც სახელმწიფოში ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.