ირაკლი კობახიძე რას საუბრობს, უკვე სერიოზული აღარ არის, მარტივი მიზეზის გამო - თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ამ ყველაფერზე საუბრობს და ერთი არგუმენტი, მტკიცებულება ან ფაქტი გსმენიათ მისგან, რომელიც მის ტყუილზე აწყობილ სიტყვებს დაადასტურებდა?! - ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი გიორგი გახარიას შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
დაუშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ცდილობს გახარიას მიმართ საზოგადოებაში გარკვეული განწყობები შექმნას.
„კითხვითვე ვუპასუხებდი, რამდენი წელი უნდა ველოდით კიდევ, რომ ის რაზეც საუბრობს, კეთილი ინებოს და საზოგადოებას მოუყვეს, ამ ყველაფრისთვის რამდენი წელი სჭირდება? მათი ამოცანაა, ძალაუფლების შენარჩუნება. ხედავენ, რომ მზარდი პარტია ვართ და ცდილობენ, საზოგადოებაში გახარიას მიმართ არასწორი განწყობები შექმნან. რამდენი წელი უნდა ელოდოს საზოგადოება, თქვას, რას გულისხმობს,"- განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ გიორგი გახარიას შესახებ ყველაფერს იტყვიან. მისი თქმით, საუბარია ღალატის დეტალებზე, რომელიც შესაძლოა შოკისმომგვრელი იყოს.დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ "დეტალებთან დაკავშირებით მათ დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ". დღეს კი პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით".
„მტკიცებულებები თავად წარმოადგინეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს ღია კოალიცია, მეტი ფაქტი და მტკიცებულება არავის არ სჭირდება, ეს არჩევნების წინ იყო განსაკუთრებით შოკისმომგვრელი. არსებობს გარკვეული უხერხულობა დაკავშირებული ამასთან და როგორც კი ეს უხერხულობა მოიხსნება მაშინვე გავაკეთებთ განცხადებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.