„ქართული ოცნების“ დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის აზრით, ბადრი ჯაფარიძეს ჩადენილი დანაშაული რომ ეღიარებინა, მისთვის სადეპუტატო მანდატის შენარჩუნების ალბათობა მაღალი იქნებოდა.
„ასეთ შემთხვევაში ალბათობა გაიზრდებოდა. თუნდაც პირადად ჩემში აღძრავდა განცდას, რომ ადამიანმა თავის დროზე დაშვებული შეცდომა, რაც თაღლითობის კვალიფიკაციაში გამოიხატა, გულწრფელად შეინანა. აქედან გამომდინარე, გვექნებოდა ალბათობა იმისა, რომ თითოეული დეპუტატი გადაწყვეტილებას უფრო მეტად გაიაზრებდა, რაც დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ რამდენად გულწრფელი იქნებოდა ბატონი ბადრი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალუდა ღუდუშაურმა.
ღუდუშაური იმასაც ამბობს, რომ ჯაფარიძეს რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შანსი არა აქვს. ამ კონტექსტში ღუდუშაურმა გაიხსენა ისიც, რომ ბადრი ჯაფარიძემ საკუთარი შესაძლებლობები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში მოსინჯა, „მაგრამ დადო შედეგი, რაც ყველამ ნახა“.
„კითხვის ნიშანი მოიგებს თუ წააგებს, არ არის - ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში წაგება გარანტირებული აქვს.
სააკაშვილისა და ბოკერიას გვერდით დგომა მას შანსს არ მატებს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ჯიბეში სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს, რომლითაც მის მიერ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადების ფაქტი დადასტურდა. თაღლითობა ეს არის დანაშაული, რომელიც სამართლებრივად ითარგმნება, როგორც მოტყუებით სხვისი ქონების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.