დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს, ეს მათ თავად წარმოადგინეს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, არსებობს გარკვეული უხერხულობა და როგორც კი ეს უხერხულობა მოიხსნება, მმართველი გუნდი გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას მაშინვე გააკეთებს.
„მტკიცებულებები თავად წარმოადგინეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს ღია კოალიცია, მეტი ფაქტი და მტკიცებულება არავის არ სჭირდება, ეს არჩევნების წინ იყო განსაკუთრებით შოკისმომგვრელი. არსებობს გარკვეული უხერხულობა დაკავშირებული ამასთან და როგორც კი ეს უხერხულობა მოიხსნება მაშინვე გავაკეთებთ განცხადებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ 360 გრადუსი“ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ იტყვის, რა მოხდა და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გიორგი გახარიამ.