გორის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდობის განვითარების ახალი - 2022-2026 წლების სტრატეგია აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი, რომელიც დროში გაწერილ პროგრამებს, პროექტებსა და ღონისძიებებს მოიცავს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 14 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა.
„2022-2026 წლების ახალგაზრდობის სტრატეგიის მიზანი 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების განვითარებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნაა.
დოკუმენტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. მისი მომზადების ყველა ეტაპში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ.
სტრატეგია ეფუძნება „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას“ ახალგაზრდობის სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ კვლევას, ახალგაზრდებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად შეგროვებულ ინფორმაციებსა და იდეებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორს ახალგაზრული სტრატეგია 2018 წლიდან აქვს. 2022-2026 წლების ახალგაზრდული სტრატეგიის დამტკიცების პარალელურად, 2018 წლის განკარგულება „გორის მუნიციპალიტეტის ახლაგაზრდული სტრატეგიის 2019-2028 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადდა.