რასაც კობახიძე ლაპარაკობს, ერთ რამეზე მიუთითებს - მათ ძალიან, ძალიან ეშინიათ გახარიასი და უნდა ეშინოდეთ კიდეც, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა. ამით ქემოკლიძე ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას შესახებ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„გახარიას ისეთი ინტელექტუალური რესურსი აქვს, რაც მთელ დარჩენილ „ქართულ ოცნებაში“ ყველას ერთად აღებულს. გახარიასი ეშინიათ და სწორედ ამიტომ, ყოველთვე გამოდიან და რაღაც ახალ აბსურდულ ბრალდებებს იგონებენ. არ გეცნობათ 2011-12 წლები, როდესაც „თეთრ ცხენზე შემჯდარი“ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად? სხვათა შორის, რეპუტაციულად, ავტორიტეტით და კავშირებით სააკაშვილს გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობა ჰქონდა დასავლეთთან - როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ისე ვაშინგტონში. მაშინ, როდესაც სისტემა დამარცხდა 2011-12 წლებში, ვინმეს ილუზია აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო მყარი ელექტორატი ჰყავს? ცხადია არა - მეტიც, ახლა იქმნება ვაკუუმი, რომლის „აფეთქების“ შემთხვევაში შეიძლება ისეთი დონის „აფეთქება“ მოხდეს, რომ მსხვრევის ეფექტი გაცილებით უფრო დიდ რადიუსზე წავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. „ქართული ოცნება“ ამას ვერ ითვალისწინებს. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ და ყველაფერი შეძლებადია. იქ პრემიერმა ღარიბაშვილმა თავის ოჯახის წევრს გადაუფორმა რაღაც, იქ ბიზნესებს ინაწილებენ, ფულის გადანაწილება მიდის სხვადასხვა წრეებში, იქ მიწის ნაკვეთებს იფართოვებენ და ა.შ. ეს ხომ სადღაც გროვდება და ჰაერში არ მიდის? ეს კარგად იცის ბატონმა ივანიშვილმა. ყველა დანარჩენი, ვინც მის დაბლა დგას ამას ვერ აცნობიერებს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
მისივე შეფასებით, ის წარმოადგენს „შიშისგან დაცლილი“ ხალხის გუნდს.
„ყველაზე მეტად რასაც ფასი არ აქვს, ეს არის ირაკლი კობახიძის სიტყვა. ბატონმა კობახიძემ, ისევე, როგორც სხვებმა „ქართული ოცნებიდან“, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია არის შიშისგან თავისუფალი ხალხის გუნდი, ამიტომ ჩვენ არავის შანტაჟის არ გვეშინია. აქვს მას რამე? ხვალ, ზეგ ან გამოიტანოს, თუკი რაიმე აქვს, მაგრამ ისე გამოიტანენ, როგორც გამოიტანეს და გამოიძიეს კოკაინის ბრალდებაზე და კოკაინის გამავრცელებელ ქალბატონზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, ბატონი გახარიას ე.წ. ღალატზე და ა.შ. ასე მარტივად რომ ვნადგურდებოდეთ, მათ ერთპარტიულ მმართველობას ვერ დავამარცხებდით რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხაში და ჩხოროწყუში - ეს კიდევ გაგრძელდება.
ჩვენც გვაქვს ჩვენი საშინაო დავალებები, ამიტომ ბატონი კობახიძეც ვერ მოიწყენს შემდეგი 1-2 წლის განმავლობაში. 2024 წელს, თუ მანამდე არა, ის მიიღებს იმას, რასაც თავად თესავს თავისი აბსურდული განცხადებებით. ვფიქრობ, რომ ზედმეტად ხშირად ვახსენებთ ბატონ კობახიძეს. ინგლისურში არის ერთი კარგი ტერმინი - „არაკომპეტენტური სათამაშო“. რაც უფრო მეტად ვახსენებთ „არაკომპეტენტურ სათამაშოებს“, მით უფრო ვუწევთ მარკას პოლიტიკურ ველზე. ჩვენი შეფასებით, ბატონმა კობახიძემ ჯერ უნდა გამოიმუშაოს იმის უნარი, რომ დამოუკიდებლად ილაპარაკოს. დღევანდელ საქართველოში ხომ იცით როგორ არის - პარტიის თავმჯდოამარე კი არა, შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მთავრობის მეთაური, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების უნარი გქონდეს ნული“, - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.
ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დადგება დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ იტყვის, რა მოხდა და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გიორგი გახარიამ. ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი აღნიშნულზე თავად გახარია ისაუბრებს, „თავს გაინადგურებს“.
„ჯერ ვერ ვიტყვით. დადგება ამის დრო, როდესაც ვიტყვით, თუ რა მოხდა 1 წლის წინ. რა მოხდა უფრო ადრე, რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. ის თუ იტყვის, რაშია სინამდვილეში საქმე, თავს გაინადგურებს, ამიტომ რანაირად იტყვის?! ვერაფერს ამბობს. საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შესაძლოა ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს, რის გამოც არ ღირს დღეს ამაზე საუბარი“,- აღნიშნა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.