"სტრატეგია აღმაშენებელმა" მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავუყენოთ ბადრი ჯაფარიძეს კანდიდატი რუსთავში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გიორგი ვაშაძე შეხვდება ბადრი ჯაფარიძეს იმისთვის, რომ პარტიის გადაწყვეტილება გააცნოს და მოისმინოს მისგან გეგმების შესახებ ინფორმაცია.
"ჩვენ გვქონდა პარტიაში კონსულტაციები და გადავწყვიტეთ ბადრი ჯაფარიძეს არ დავუყენოთ კანდიდატურა მიუხედავად იმისა, რომ განვიხილავდით კანდიდატის დაყენებას. რაც შეეხება კონსულტაციებს, გიორგი ვაშაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შორის შეხვედრა იგეგმება იმისთვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გავუზიაროთ და მოვისმინოთ, თუ რა გეგმები აქვს მას. ვფიქრობ, არსებობს შესაძლებლობა, რუსთავში მოხდეს ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება, თუ იქნება შესაბამისი, სწორი კამპანია და იქნება აქეცენტები დასმული იმ მძიმე ვითარებაზე, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მნიშვნელოვანია, ოპოზიცია იყოს ძლიერი, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა და მნიშვნელოვანია, რომ ის ტაქტიკა, რაც "ქართულმა ოცნებამ" აირჩია, როცა ყურადღება გადააქვს ხალხის პრობლემებიდან შიდა პოლარიზაციაზე, რასაც პარლამენტში ყოველდღიურად ვხედავთ, დავაბრუნოთ იმ ჩარჩოში როცა პარლამენტში ოპოზიცია შევძლებთ ხალხის და ქვეყნის ინტერესების დაცვას,"- განაცხადა აქუბარდიამ.