რუსთავის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით გაიზარდა და 92 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, უსაფრთხო ქალაქის კონცეფციას, რუსთავის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და გაზრდილი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა, სწორედ ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაციას მოხმარდება.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გასულ წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები რუსთაველის, ჩაპაევის, გიორგაძის, მე-14 და მე-11 მიკრო რაიონების მოსახლეობას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გააცნო. სწორედ აღნიშულ მისამართებზე ჩაუტარდება ავარიულ საცხოვრებელ სახლებს გამაგრება-რეაბილიტაცია.
“მოსახლეობასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია. ჩვენ, ერთი ეტაპის ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ და პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე მისამართზე, ეს კი გამაგრებითი სამუშაოების მეორე ეტაპია. ჩვენთვის მთავარია, ქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნა. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ეს არის ბიუჯეტის სწორედ ერთ-ერთი ძალიან მსხვილი ნაწილი, რომელიც ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციას მოხმარდება“, - განუცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებს.
რუსთავის მერიის ცნობით, ავარიული კორპუსების გამაგრება რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისის, რჩეულიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე გაზაფხულზე დაიწყება.
„რუსთაველის N11- ის, გიორგაძის N2-ის, ჩაპაევის N5-ის, მე-11 მიკრორაიონის N1, მე-14 მიკრორაიონის N10,11 და 12 კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციაზე კი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. რუსთავის მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხა ავარიული კორპუსების რეაბილიტაციის გარდა, ახალი საბავშვო და რეკრეაციული სივრცეების მოეწყობას, სტიქიით დაზიანებული შენობების გადახურვების შეკეთებას და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.