ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დედის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ფოთის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ბრალდებულის უფლებადამცველი ცირა ჯავახიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბარისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს.
„სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებ. ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ასევე ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, ანუ ახალშობილის გარდაცვალების თაობაზე", - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს" ცირა ჯავახიშვილმა.
ახალგაზრდა ქალს გუშინ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით წარედგინა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.