საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებულ გენადი ბესტაევს დღეს სოფელ მერეში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ბესტაევი პალეატიური მკურნალობის ცენტრში, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
როგორც გენადი ბესტაევის დამ, ნაირა ბესტაევმა „მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, მისი ძმისთვის ციხეში ყოფნა წამებაზე მეტი იყო და სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი.
„მოკლეს და „გადმოაგდეს“ ცხინვალიდან. ციხეში იყო და ეს წამებაზე მეტი იყო, ფაქტია, ხელს ვინ გადაუსვამდა?! არავინ არაფრით დაეხმარა. მე იმათი საჭმელი არ მინდოდა, ჩემი ძმისთვის გაეწიათ დახმარება“, - განაცხადა ნაირა ბესტაევმა.
ცნობისთვის, ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ. რესპუბლიკის "სახელმწიფო საზღვრის" უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, გასული წლის 15 ნოემბერს შეიწყალა. შეწყალების გადაწყვეტილება მისი ავადმყოფობის გამო მიიღეს.