დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება იქნება ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლისღვრის შეჩერებას, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა“ პეტრე გასიევმა განაცხადა.
„ნათლად უნდა გვახსოვდეს, რომ სამხრეთ ოსეთი იყო პირველი, რომელმაც აღიარა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენმა რესპუბლიკებმა ხელი მოაწერეს ყველა სახის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას, გვაქვს ასევე საპარლამენტთაშორისო შეთანხმება. ამიტომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სახელმწიფო სათათბიროს ინიციატივას, ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლისღვრის შეჩერებას და ამ რესპუბლიკების მოსახლეობის გადარჩენას უკრაინის მხრიდან გენოციდისგან“, - განაცხადა გასიევმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტისთვის ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართვას ითვალისწინებს.