აღიარების პირობებში ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით იქნებოდა განსხვავებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, სამართლებრივად ყველაფერი არის გამართული.
„კონსტიტუციაში წერია მარტივი რამ: თუ პირს შეეფარდება სასჯელი დანაშაულისთვის, ამ შემთხვევაში პარლამენტს აქვს უფლება, შეუწყვიტოს დეპუტატს უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში, ეს მოცემულობა სახეზეა. სასჯელი შეეფარდა, ოღონდ აღსრულების გარეშე. შეფარდებული აქვს რამდენიმე წლით თავისუფლებით აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული დანაშაულისთვის აღსრულების გარეშე. არსებობს დანაშაული, რომელიც არის დაფიქსირებული სასამართლოს მიერ, არის სასჯელი ასევე შეფარდებული. ერთადერთი რაც არ არის სახეზე, ეს არის აღსრულება. გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმულია აღსრულების ნაწილში. არც ვალდებული ხარ და არც რაღაცა, მაგრამ კონსტიტუცია გეუბნება, რომ შენ შეგიძლია შეუწყვიტო უფლებამოსილება. თაღლითის გვერდით გინდა თუ არა ჯდომა, ამაზე მსჯელობს პარლამენტი.
წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ აღიარეს დანაშაული, თქვეს, რომ ასეთი რაღაც მოხდა, 10 წლის წინ ვალები გვქონდა დასაფარი, პრობლემები გვქონდა, ვერ ვაკეთებდით ამას სხვანაირად, მოგვიწია 17 მილიონის, თუ რამდენიც იყო, „ჭუტა" წერეთლის მეშვეობით გამოტანა, მერე ჩამოწერა. ვითაღლითეთ, რაღაც გავაკეთეთ. რაღაც მოტივი ხომ ჰქონდათ, იმედია, სახლის ასაშენებლად არ გამოიტანეს ის ფული. რაღაც მიზნისთვის სჭირდებოდათ. დაბადების დღის გადასახდელად რომ არ გამოუტანიათ ფაქტია, პირობითად ვამბობ. აღიარების პირობებში ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით იქნებოდა განსხვავებული. როდესაც შენ აღიარებ დანაშაულს, ამით შენ არ უპირისპირდები სისტემას, მაგრამ აქ იყო სხვა მოცემულობა. როდესაც შენ თაღლითობაში დაგდებენ ბრალს და მსჯავრი გაქვს, ასეთ დროს ან უნდა აღიარო, ძნელია პოლიტიკოსისთვის თაღლითობის აღიარება, ან მეორე ვარიანტია, არ აღიარებ და იძულებული ხარ, დაუპირისპირდე სისტემას. გახსოვთ რა ხდებოდა? ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ჩვენ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩვენ დავავალეთ სასამართლოს ამ განაჩენის გამოტანა და ამის გამო შეეფარდათ სასჯელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია „ლელოს“ ყველაზე მჭიდრო ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვს.
„ყველაზე მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასთან“ აქვს რეალურად ამ პარტიას და ეს პირდაპირ ჩანდა ყველა მოლაპარაკებაში. იყო საბოტაჟი. ისინი იყენებდნენ პროცედურულ ინსტრუმენტს ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენ გამოვიყენეთ პროცედურული ინსტრუმენტი ამ საბოტაჟის წინააღმდეგ, არცერთ დეპუტატს არ შევუჩერეთ უფლებამოსილება.
არიან კონკრეტული დეპუტატები, რომლებსაც ძალიან სანდო წყაროების თანახმად აქვთ მიღებული პირდაპირ მონაწილეობა რეკეტში, ამაზე კონკრეტული პირები პირდაპირ საუბრობდნენ და ძალიან სარწმუნოა ეს ინფორმაცია. ერთ-ერთი არის ბრალდებული კორუფციულ საქმეში, ჯანაშია, პარლამენტის წევრი, არის საქმე აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, დროში იწელება სამწუხაროდ, არის ასეთი მოცემულობა და ვიდრე ბრალი არ დამტკიცდება ოფიციალურად, ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი არცერთი დეპუტატის წინააღმდეგ. ვიდრე სამართლებრივი საფუძველი არ გვექნება, ბუნებრივია, მათ ვერ შევუწყვეტთ უფლებამოსილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.