ყველას ვეპატიჟებით, რომ მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში და ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის არის ღია ყველა პარტნიორი პარტიისთვის, - ამის შესახებ "ლელოს" პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სალომე სამადაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, სადაც ოპოზიციის გამარჯვებას შეუძლია, სრულიად ახალი რეალობა შექმნას. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატობაში რუსთავის ოლქიდან. გავაგრძელებთ შესაბამისად კონსულტაციებს სხვა პარტიებთანაც. ჩვენი ამოცანა არის, რომ შევქმნათ ფართო კოალიციური ერთიანობა ბადრი ჯაფარიძის კანდიდატობის გარშემო და ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის არის ღია ყველა პარტნიორი პარტიისთვის.
ჩვენ ვესაუბრებით ყველა პარტნიორ პარტიას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ სრულიად ოპოზიციურმა გაერთიანებულმა სპექტრმა შესაბამისი განცხადება გააკეთოს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
ამ არჩევნებს ვანიჭებთ გადამწყვეტ მნიშვნელობას ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს არ არის ბრძოლა საპარლამენტო მანდატისთვის, ეს არ არის "ლელოს" ბრძოლა მხოლოდ. ეს არის რეალური პოლიტიკური ვითარების შეცვლისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ბრძოლა. ყველას ვეპატიჟებით, რომ მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში და ჩვენთან კარი არის ღია ყველასთვის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.