გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატური, იქაც ხომ გაერთიანებული იყო მთელი ოპოზიცია და წააგეს - წარმატება გამორიცხულია, მით უმეტეს, როცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ხარ რაიმე კოალიციაში , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან რუსთავში, ბადრი ჯაფარიძის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდაჭერას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად გაყალბებაზე გაკეთებული არაერთი განცხადებისა, ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა იმას, რომ ოპოზიცია არჩევნებს ენდობა.
"ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა იმას, რომ თურმე ოპოზიცია საარჩევნო სისტემას ენდობა. ყვებოდნენ, რომ ყალბდება, საარჩევნო სისტემა უსამართლოა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, ეს მნიშვნელოვანი დეტალია. კი ბატონო, აგერ არის არჩევნები, ღია და გამჭვირვალე, ყველას აქვს უფლება წარადგინოს თავის კანდიდატი ან გაერთიანდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვნახეთ, გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატური, იქაც ხომ გაერთიანებული იყო მთელი ოპოზიცია და ხან რეფერენდუმი დაარქვეს, ხან გადამწყვეტი არჩევნები, მაგრამ ყველა წააგეს, რადგან განსხვავებული მორალის, პრინციპების და განსხვავებული ღირებულებების მქონე პარტია იყო გაერთიანებული, ამიტომ ასეთ გუნდს არასდროს ექნება წარმატება. მოსახლეობა გრძნობს, ვინ რისთვის იბრძვის, ამიტომ რუსთავში ძალიან მარტივად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს "ქართული ოცნების" კანდიდატი, რომელიც არის ადგილობრივი, რუსთაველებზე შეყვარებული კადრი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება მათ და ნინო ლაცაბიძესთან ერთად როგორ შეიძლება გვერდში დაუდგნენ მოსახლეობას.
გაერთიანებას შედეგი არ ექნება, ჩვენ ვნახეთ გაერთიანებას რა შედეგი ჰქონდა, არ გამოვიდა. როცა განსხვავებული მრწამსის და ღირებულების მქონე ადამიანები და პარტიები არიან გაერთიანებული, იქ წარმატება გამორიცხულია, მით უმეტეს, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ხარ რაიმე კოალიციაში, ის გუნდი დამარცხებისთვის განწირულია", - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისათვის, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს "ლელოს" კანდიდატს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.