ოპოზიციის მხრიდან ცოტა არასერიოზული მგონია ასეთი დამოკიდებულება , - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ოპოზიციიდან რუსთავის მერობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელების საკითხის კომენტარისას.
,,ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდით, როდესაც კანდიდატზე ვსაუბრობდით, ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო რუსთაველი, რომელიც ცხოვრობს ამ ქალაქში და ზუსტად გრძნობს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც დღეს აქვს ქალაქს. ოპოზიციის მხრიდან ცოტა არასერიოზული მგონია ასეთი დამოკიდებულება. რუსთაველი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ამ ქალაქში ბევრად უფრო მეტად იქნება მოტივირებული იმისთვის, რომ არსებული პრობლემების და გამოწვევების დაძლევაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ირაკლი შატაკიშვილი არის სწორედ ისეთი კანდიდატი, რომელსაც უყვარს რუსთავი და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ამ ქალაქისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი შატაკიშვილის გამარჯვებაში.
,,ჩვენ დავიწყეთ საარჩევნო კამპანია, კონცენტრირებული და მიმართული ვიქნებით იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავუხსნათ თუ რისი გაკეთება გვსურს მომდევნო წლების განმავლობაში. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც საკრებულოში არ ვართ უმრავლესობით წარმოდგენილი, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია საპარლამენტო მხარდაჭერა და ჩვენი კანდიდატის გასვლა. გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად შევძლებთ იმ დაპირებების შესრულებას, რომელზეც ვსაუბრობდით მოსახლეობასთან“, - განაცხადა რუსთავის მერმა.