ფოთში ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ დედას ბრალი უკვე წარედგინა. კერძოდ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებულის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი იცავს. მისი თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს.
„შევხვდი ბრალდებულს. მასთან შეხვედრაზე დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გაცნობებთ სამწუხაროდ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს. გეტყვით იმას, რომ ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას ახალშობილის გარდაცვალების თაობაზე და ამის შემდეგ შემიძლია ინფორმაცია უფრო ვრცლად მოგაწოდოთ", - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.
ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.