„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მის მიერ მიმდინარე თვეში გადახდილი გაზის საფასური დაახლოებით 100 ლარს შეადგენდა.
თოდრაძის მიერ გადახდილი გაზის საფასურის ოდენობით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი დავით კირკიტაძე დაინტერესდა. მან "საქსტატის" აღმასრულებელ დირექტორს გაზის ქვითრის ჩვენება სთხოვა. ამ კონტექსტში კირკიტაძემ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ „საქსტატის" მიერ დაანგარიშებული საარსებო მინიმუმის მიხედვით, ზრდასრულ ადამიანს თვეში საარსებოდ 226 ლარი უნდა ეყოს.
„შემიძლია გაგიზიაროთ. არაფერი დასამალი არა მაქვს - დაახლოებით 100 ლარი გადავიხადე. ასე გადავიხადე - შეგიძლიათ დაიჯეროთ, შეგიძლიათ - არა!“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ დავით კირკიტაძის პასუხად.
თოდრაძეს კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ შეახსენა, რომ მოსახლეობას გაზის გაორმაგებული საფასური მიუვიდა.
“100 ლარი მარტო თქვენ მოგივიდათ - ან გაზს იპარავთ ან საჭმელს არ ამზადებთ. არ ვიცი, ასი ლარი ვის მოუვიდა“, - მიმართა თოდრაძეს რომან გოცირიძემ.