ყოველი ცვლილება და ამით რიცხვების მეთოდოლოგიური გადაკეთება, რატომღაც მთავრობისა და ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ერთხელ ოპოზიციის წისქვილზე მაინც დაასხით წყალი, რატომ არ გამოგდით ეს?, - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ საქსტატის დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს პარლამენტში.
რომან გოცირიძის თქმით, 2020 წლის გაზაფხულიდან საქსტატი ინფლაციის მაჩვენებელს აყალბებს.
„არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენი საკითხს, რომ თქვენ ციფრებით მანიპულირებთ, იშველიებთ მეთოდოლოგიას, აყალბებთ ინფორმაციას. ყოველი ცვლილება და ამით რიცხვების მეთოდოლოგიური გადაკეთება, რატომღაც მთავრობისა და ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ერთხელ ოპოზიციის წისქვილზე მაინც დაასხით წყალი. რატომ არ გამოგდით ეს?
თქვენ გააყალბეთ ინფლაციის მაჩვენებელი დაწყებული 2020 წლის გაზაფხულიდან და ეს უკვე არის არასწორი. რატომ არ შეიტანეთ კორონავირუსის დროს გაწეული სუბსიდირების ხარჯები 2020 წლის გაზაფხულზე მარტ-აპრილ-მაისში და რატომ შეიტანეთ ეს ხარჯები უკვე ამავე წლის დეკემბერში და შემდეგ 2021 წლის გაზაფხულზე?
სულ ახლახან, შვიდ იანვარს გამოაქვეყნა ჟურნალმა „ეკონომისტმა“ სტატისტიკა, სადაც ამბობს, რომ საქართველოში დაახლოებით 5 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, ვიდრე რეალური სტატისტიკა ასახავს. თუმცა ეს მარტო საქართველოს არ ეხებოდა, გაანგარიშებული იყო სხვადასხვა ქვეყანა. როგორ აწარმოებთ თქვენ კოვიდ სტატისტიკას? რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია და თქვენი როლი რა არის? - მხოლოდ ჯანდაცვიდან მოწოდებული ინფორმაციის ასახვა, თუ გაქვთ უფრო მეტი უფლება და ბერკეტები?, - განაცხადა რომან გოცირიძემ.