"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი ძალიან დიდია. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამაზე ხელისუფლების მხრიდან "გამწარებული" კომენტარებიც მეტყველებს.
"არათუ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების იმ ნაწილის, ვისაც ყელში ამოუვიდა ის უბედურება, რომელშიც ვცხოვრობთ, საუკეთესო, საერთო კანდიდატი შეიძლება სწორედ ბადრი ჯაფარიძე იყოს მისი პიროვნებიდან, პერსონალური თვისებებიდან, პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე, როგორიც შეიძლება იყოს ყველას შესაძლო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი ძალიან დიდია, ამაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს ხელისუფლების გამწარებული კომენტარები ამ თემაზე. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ გუშინდელი უსამართლობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტზე ჩვენი პასუხი იქნება თავდაუზოგავი ბრძოლა და შრომა რუსთავში გამარჯვებისთვის",- განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები და ბევრმა უკვე გააკეთა ამ თემაზე კომენტარიც.
"ჩვენ ამ პროცესში ვართ არა მარტო ღია, არამედ მოწადინებული, რომ ეს საერთო გამარჯვება იყოს არა ოპოზიციის ხელისუფლებაზე, არამედ სწორი გზის გამარჯვება არასწორ გზაზე. ჩვენ ამ არჩევნებს გაცილებით ფართოდ ვუყურებთ, ვიდრე ბადრი ჯაფარიძის გამარჯვება და ერთით მეტი პარლამენტის წევრი ჩვენი გუნდიდან",- განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისათვის, „ლელოს“ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.