ჩვენი განწყობა არის, რომ უნდა მოხდეს ფართო ოპოზიციური გაერთიანება ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის გარშემო, ჩვენი კარი ღიაა კონსულტაციებისთვის ყველა პოლიტიკური ძალისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიებთან წინასწარი კონსულტაციები უკვე ჰქონდათ და ეს პროცესი გაგრძელდება.
„რუსთავის მაჟორიტარული არჩევნები არ იქნება უბრალოდ რიგითი არჩევნები, ეს არის ჩვენი ბრძოლა იმისთვის, რომ გადავტეხოთ ის რეჟიმი, რომელმაც სრულად მიითვისა ქვეყანაში ძალაუფლება, შეიძლება ითქვას, რომ უზურპაცია მოახდინა პოლიტიკური ძალაუფლების. ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და გაგრძელდება ეს კონსულტაციები. დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიცია მოახდენს კონსოლიდაციას, გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ეს იქნება არა „ლელოს“ ან ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება, მნიშვნელოვანია ხალხმა მიაღწიოს დემოკრატიულ გამარჯვებას. ამიტომ მთავარი პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება რუსთავის მაჟორიტარულ არჩევნებზე. გვქონდა წინასწარი კონსულტაციები რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან და გავაგრძელებთ კონსულტაციებს. ჩვენი განწყობა არის, რომ უნდა მოხდეს ფართო ოპოზიციური გაერთიანება ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის გარშემო და ჩვენი კარი ღიაა კონსულტაციებისთვის ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება დღეს რუსთავში არის საწინდარი ამ ხელისუფლების ჩამოშლის და დემოკრატიის გამარჯვების ქვეყანაში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.