ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა და დღეს ამაზე პასუხისგებაც არ უნდა - „ქართული ოცნება“ კი ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც აკეთებდა „ნაცმოძრაობა“ და შევარდნაძე

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებზეც თვლის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება. ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და უფრო ადრე, შევარდნაძე, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი გუნდის მიერ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისათვის მანდატის შეწყვეტის საკითხს და ბოლო პერიოდში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის გამარჯვებულის პოზაში, რადგან ხედავს, რომ ოპოზიცია დაშლილია.

„თავის შეცდომებზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა შენი ოპონენტი ვინ არის და რას წარმოადგენს. ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა და დღეს აღმოჩნდა, რომ ამაზე პასუხისგებაც არ უნდა, ჩვენი პრობლემა სამწუხაროდ, მთლიანად ოპოზიციური სპექტრია და არა მხოლოდ ხელისუფლება. დღეს „ქართული ოცნება“ არის გამარჯვებულის პოზაში, ხედავს, რომ ოპოზიცია არის დაშლილი და ვერ ჩამოყალიბდა. თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ ყოველგვარი კანონი დაარღვია, როდესაც უფლებამოსილება არ შეუწყვიტა - გადაავადეს, გაწელეს დროში და ა.შ. ახლა თავად ოპოზიცია ითხოვდა რომ არ შეეწყვიტათ. როდესაც ოპოზიცია რაღაც ნაბიჯს დგამს, დღესაც არ ფიქრობს იმაზე თუ რა შედეგები მოჰყვება, როდესაც ითხოვენ სიების აღდგენას, ხომ იციან, რომ ამას „ქართული ოცნება“ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს იგივე პროპაგანდისთვის და იმისთვის, რომ ოპოზიციის რეიტინგი დაეცეს. მგონია, რომ უფრო მეტად დაკვირვებულები უნდა იყვნენ, „ქართული ოცნება“ იყენებს ამ შეცდომებს და ამბობს - „ნახეთ რა ოპოზიციაა, თავად ჩახსნეს სიები და ახლა გვეხვეწებიან სიები აღვადგინოთო“. თუ ოპოზიციას უნდა რომ რაღაც შეცვალოს მართლა უნდა დაფიქრდეს და პოლიტიკური ნაბიჯები ისე გადადგას, არა ისე - „მინდა სია აღმიდგინეთო“, აბა გადაირევა ახლა „ქართული ოცნება“ და აღადგენს სიებს, არ გააკეთებს, რა თქმა უნდა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ოპოზიცია ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება, ამ შემთხვევაში საზოგადოება რჩება ამ ბრძოლის მიღმა. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებზეც თვლის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება. ზუსტად იგივეს აკეთებენ, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და უფრო ადრე, შევარდნაძე. მათთვის შედეგი არის მისაღები, დღეს ოპოზიცია ფრაგმენტირებულია და მათ ძალაუფლებას საფრთხე არ ემუქრება. პოლიტიკური თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად შეუძლია თქვას, რომ მყარად აქვს ძალაუფლება ხელში აღებული. ეს არის მისი მიზანი, მისი ქმედებები ბოლო ერთი წლის განმავლობაში და როგორც ჩანს, ამას მიაღწია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება 15 იანვარს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად შეუწყდათ.

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა